თბილისში პროფესიული უნარების კვირეული გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემა განვითარდება და კოლეჯების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, გვპირდებიან უწყებაში.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისში პროფესიული უნარების კვირეული გაიხსნა, რომელიც მიმართულია პროფესიული განათლების გაძლიერებისკენ და ამ სფეროში ახალი მიდგომების დანერგვისკენ, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროფესიული უნარების კვირეული განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ გახსნა.
კვირეულის მთავარი მიზანი სისტემაში ჩართულ მხარეებთან დისკუსიის გამართვა და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრიორიტეტებზე კონსენსუსის მიღწევაა.
გობრონიძემ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ამ სისტემის იმგვარად განვითარება, რომ კოლეჯები გარდაიქმნან მიმზიდველ დაწესებულებებად, სადაც სტუდენტებს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.
პროფესიული უნარების კვირეული გაიხსნა კონფერენციით „უნარების ეკოსისტემის კვლევა და განვითარება“, რომლის მონაწილეებს ორი კვლევის შედეგები გააცნეს. ესენია: „დამსაქმებელთა კმაყოფილება“ და „პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება“.
გობრონიძის თქმით, მსგავს კვლევებზე დაყრდნობით პროფესიული განათლების სისტემა კიდევ უფრო განვითარდება და კოლეჯების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ახალგაზრდები შეძლებენ შრომის ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროფესიული უნარების მიღებას და იმ კომპეტენციების ათვისებას, რომლებიც მათ შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარებაში დაეხმარება“, – თქვა გობრონიძემ.

კვირეული პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0