თურქეთში მედიკამენტები გაძვირდა: რა ელოდება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს?

© Sputnik / Alexander Imedashviliაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თურქეთში მედიკამენტების გაძვირების გამო საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილი 25-30%-ით გაძვირდება, განაცხადა სააფთიაქო ქსელი „იმპექსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით კოხრეიძემ.
თურქეთში წამლებზე ფასები მოიმატებს – შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. დოკუმენტი ფარმაცევტულ პროდუქციაზე ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება 2017 წელს გამოიცა, თუმცა ლირის გაუფასურების გამო ხელისუფლებას მისი გადახედვა მოუწია.

„რა თქმა უნდა, ეს ბრძანება საქართველოში შემოტანილ მედიკამენტებზე დადებითად არ აისახება. ვფიქრობ, ასეთ რთულ ვითარებაში მოგვიწევს ფასების 20%-ით გაზრდა. ასეთია პირველადი მონაცემები, თუმცა ყველაფერი რაღაც პერიოდის შემდეგ გაირკვევა, როდესაც იმპორტიორები საქართველოში წამლების შემოტანას განახორციელებენ“, – განაცხადა კოხრეიძემ BMG-ს ეთერში.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი წამლების წილი მხოლოდ 3%-ს შეადგენს, აღნიშნული სიახლე ქვეყანაში არსებულ ფარმაცევტულ სიტუაციაზე ძლიერად არ იმოქმედებს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. შედეგად – ამ მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 60–80%-ით შემცირდა. საქართველოში თურქეთიდან უკვე შემოტანილია 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტები.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე ქვეყნის მოქალაქეებმა წამლებზე 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს და, 62 მილიონი ლარის ნაცვლად, დაახლოებით 19 მილიონი ლარი გადაიხადეს.
უწყება იმედს გამოთქვამს, რომ სიახლე კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მედიკამენტების იმპორტის გამარტივებას და ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი გაჩნდება. მედიკამენტების სრული ჩამონათვალი და აფთიაქები, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, იხილეთ ბმულზე.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, იაფი მედიკამენტების შემოტანა თურქეთიდან მოქალაქეებისთვის შვება იქნება. მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია ფასები მედიკამენტებზე. სწორედ ამიტომ მთავრობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა ამ საკითხზე და იპოვა გამოსავალი სიტუაციიდან.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას.
ყველა ახალი ამბავი
0