გვარამიას განაჩენი მტკიცებულებებს ეყრდნობოდა - მოსამართლე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
მაღალი ინსტანციის სასამართლოები შეაფასებენ, რამდენად სამართლიანი იყო გვარამიას განაჩენი, აღნიშნა საქმის მოსამართლემ.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა. ამის პასუხად აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ სასამართლო პროცესში ჩაერია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო. ნამდვილად არ შევალ სიღრმეებში, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ბატონი ნიკას გასამართლება ორ ეპიზოდში მოხდა და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მანქანის ეპიზოდს, და მანქანის ეპიზოდიც არასწორად მიაწოდეს საზოგადოებას“, – განაცხადა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ის ვერ შეაფასებს საკუთარ გადაწყვეტილებას და ამისთვის ზედა ინსტანციები არსებობს.
ჩხიკვაძის განცხადება
ჩხიკვაძემ სასამართლო სისტემაზე ზეწოლის შესახებ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტის დეპუტატის მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა გვარამიას საქმეზე, რომელიც მალე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გალერმა ღიად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ გვარამია 19 ივლისის სხდომაზე უნდა გაამართლოს, რათა „გამოასწოროს ძველი შეცდომები", ანუ იგულისხმება თითქოსდა ჩხიკვაძის მიერ დაშვებული შეცდომები.
ეს ქართულ სასამართლოზე ზეწოლაა - ექსპერტი მოსამართლის სკანდალურ განცხადებაზე>>
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ რამდენიმე დღეში დაგეგმილი აშშ-ში გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია, და ის სიიდან ამოიღეს. დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პროფილის ექვსი ქართველი მოსამართლის გამგზავრება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მისცენ მოსამართლეებს საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.
გვარამიას საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
წულუკიანი: მოსამართლეებმა ზეწოლის თაობაზე უნდა ისაუბრონ>>
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0