ეს ქართულ სასამართლოზე ზეწოლაა - ექსპერტი მოსამართლის სკანდალურ განცხადებაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
ექსპერტი მიიჩნევს, რომ კელი დეგნანი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს და ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლაზე მეტყველებს, მიიჩნევს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში ის შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კევინ ბურკს.
საელჩოს თანამშრომელი მას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა.

„ის, რასაც გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, გახლავთ სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლა. ჩვენი უცხოელი მეგობრები თითქმის ყოველდღე გვიჩიჩინებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამ დროს ასეთ პრეცენდენტს აქვს ადგილი", – დაწერა სოციალურ ქსელში ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიკიბ-მოკიბვის გარეშე“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს და ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს.
ჩხიკვაძემ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტის დეპუტატის მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა გვარამიას საქმეზე, რომელიც მალე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გალერმა ღიად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ გვარამია 19 ივლისის სხდომაზე უნდა გაამართლოს, რათა „გამოასწოროს ძველი შეცდომები", ანუ იგულისხმება ჩხიკვაძის მიერ დაშვებული შეცდომები.
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ რამდენიმე დღეში დაგეგმილი აშშ-ში გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პროფილის ექვსი ქართველი მოსამართლის გამგზავრება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მისცენ მოსამართლეებს საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.
გვარამიას საქმის მოსამართლემ სასამართლოზე ღია ზეწოლის შესახებ განაცხადა>>
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0