რა მოგება ნახა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გასულ წელს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავიაციის ბიზნესი, მათ შორის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება".
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" 2021 ფინანსური წელი 19 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიამ, რომლის 100% წილს სახელმწიფო ფლობს, გასულ წელს 66,8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 19 მილიონი ლარი წმინდა მოგება იყო.

„მოგება სრულად მოხმარდება 2022 წელს დაგეგმილ კაპიტალურ ხარჯებს, მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას", – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავიაციის ბიზნესი, მათ შორის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება". 2021 წლიდან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო რეისების ეტაპობრივი აღდგენა. 2021 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა აღდგა 62%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი – 48%-ით.
თამარ არჩუაძის განცხადებით, 2021 წელს კომპანიამ დაიწყო პანდემიური ფორსმაჟორიდან ეტაპობრივად გამოსვლა. მსოფლიოში არსებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად გაიზარდა ფრენების რაოდენობა და, შესაბამისად, იმატა მგზავრთანაკადმაც, რაც ასევე აისახა კომპანიის შემოსავლებზე.
კომპანიის ცნობით, მათი ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მისი აუდიტორი საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers-ია (PWC).
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ოპერირებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში, თუმცა მის მფლობელობაში საქართველოს ყველა აეროპორტია, სადაც კომპანია საავაციო უშიშროებაზეა პასუხისმგებელი.
კომპანიამ 2021 წელს მიიღო რამდენიმე სახის შემოსავლები: საავიაციო ამონაგები – 36,6 მლნ ლარი, არასაავიაციო ამონაგები – 9,1 მლნ ლარი, ამონაგები გაცემული საკონცესიო უფლებიდან – 18,5 მლნ ლარი და საიჯარო შემოსავალი – 2,6 მლნ ლარი.
ივნისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა>>
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, აეროპორტების გაერთიანების საქმიანობისათვის ძირითადად რისკებისა და გამოწვევების განმსაზღვრელ ფაქტორებს შესაძლოა წარმოადგენდეს ქვეყანაში და რეგიონში არსებული ზოგადი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო და მოვლენები (მათ შორის, სავალუტო კურსის მერყეობა), ასევე რეგიონის და, გარკვეულწილად, ევროპის საავიაციო ბაზარზე არსებული ეკონომიკური ვითარება. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადად სამოქალაქო ავიაციისათვის საერთო უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების გამოწვევები.
„კომპანია თავის საქმიანობაში ამ რისკებს შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს. კერძოდ, ფულადი სახსრების აკუმულირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სხვადასხვა ვალუტაში ახდენს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ვალუტაში ვალდებულებების შესრულებისას კურსის ცვალებადობით მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილება", – აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0