„ქართული ოცნება" კოალიციური მთავრობისთვის ემზადება - ექსპერტი

© photo: Sputnikირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგზე
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
კოალიციას მმართველ პარტიასთან ერთად მისი ყოფილი თანამებრძოლები შექმნიან, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პარტიიდან წასულ ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ემზადება, მიიჩნევს ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი.
მანამდე პარლამენტის სამმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" – მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვა მმართველი პარტია და პარლამენტში დაკავებული თანამდებობები. წასვლის მთავარ მიზეზად მათ მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებისგან" გამოყოფილი ნაწილი აუცილებლად შექმნის პოლიტიკურ პარტიას, ანუ ოფიციალურად საარჩევნო ობიექტი გახდება, მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და იბრძოლებს კოალიციის შესაქმნელად ფორმალურ „ქართულ ოცნებასთან", – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა „აჭარის ტელევიზიის" ეთერში.

მისი თქმით, საქართველოში 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც "ქართულ ოცნებას" აღარ მისცემს საშუალებას, გამოიყენოს მაჟორიტარული სისტემა, როგორც მაშველი რგოლი.
„ამიტომ ის რეალურად დგას ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვის რისკის წინაშე და, შესაბამისად, ძალიან რეალურად მოჩანს კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა, და ამისთვისაც ემზადება „ქართული ოცნება". ეს ორი ფრთა, რომელიც თითქოს დაშორდა, ერთმანეთს თითქოს უპირისპირდება... შემდეგ ისევ შეერთდება", – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მმართველი პარტიიდან "სამეულის" წასვლის შემდეგ მათ მაგალითს სხვადასხვა რეგიონული საკრებულოს ზოგიერთმა დეპუტატმა მიბაძა.
„ქართული ოცნება" დატოვეს: ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ. თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ომარ ჯიხვაშვილმა, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საბა კბილაშვილმა.
„ოცნებიდან" წავიდნენ აგრეთვე ასპინძისა და ადიგენის საკრებულოების ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეები გია ჭელიშვილი და იმედა მღებრიშვილი.
სიმართლის თქმა „იტვირთეს": საკრებულოებში თანამდებობებს მმართველი პარტიის წევრები ტოვებენ>>
ყველა მათგანმა გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დეპუტატ ყაველაშვილის ღია წერილზე რეაქციის გამო.
ყაველაშვილმა 8 ივლისს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მთავრობის დამხობის შესახებ ოპოზიციის მოწოდებებზე, სანქციებისა და ომის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებებზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს კონფლიქტში ჩართვისკენ.
ყაველაშვილმა ელჩი დაადანაშაულა უმოქმედობაში ოპოზიციის პროვოკაციული განცხადებების დროს და პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს და მასმედიას საქართველოში.
როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, მას წერილი ბოლომდე არც წაუკითხავს, რადგან ის შეთქმულების თეორიებით არის სავსე და აღნიშნა, რომ მისთვის დასანანია, როცა დეპუტატს არ ესმის მისი ქვეყნის როლი.
ყველა ახალი ამბავი
0