სიმართლის თქმა „იტვირთეს": საკრებულოებში თანამდებობებს მმართველი პარტიის წევრები ტოვებენ

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" ბილბორდი
ქართული ოცნების ბილბორდი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
პოლიტიკოსები საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა სამხარაძემ დატოვა თანამდებობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
სამხარაძემ გადაწყვიტა მიბაძოს „ქართული ოცნების" სამ ლიდერს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს. მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ წასვლის მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან" გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე“, – დაწერა სამხარაძემ სოციალურ ქსელში.

როგორც მან აღნიშნა, მისი წასვლით ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნება" უმრავლესობას მაინც შეინარჩუნებს.
„ჩემი აზრით, ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რაც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, – განაცხადა სამხარაძემ.
დღეს მმართველი პარტია და თანამდებობები ასევე დატოვეს ლაგოდეხისა და თერჯოლის საკრებულოების თავმჯდომარის მოადგილეებმა – გიორგი ღამბაშიძემ და ომარ ჯიხვაშვილმა.
მეტი თავისუფლებისთვის - ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ოცნება" დატოვა>>>
როგორც ღამბაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას სურს ყველაფრის შესახებ თავისუფლად ისაუბროს. ამასთან, მან „წითელი ხაზი" უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის საქციელს, რომელსაც მანამდე დეპუტატმა ყაველაშვილმა მიმართა ღია წერილით.
როგორც ითქვა, „სიმართლის თქმის“ მოტივით დატოვა პარტია და თანამდებობა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ომარ ჯიხვაშვილმაც. ამასთან, ჭიათურელი და ლაგოდეხელი კოლეგების მსგავსად, მანაც გააკრიტიკა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის რეაქცია.
რაც შეეხება თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, ჯიხვაშვილის თქმით, მასაც სურს „იტვირთოს“ სიმართლის თქმა.

„თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს სიმართლის თქმა, რაც მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ძალზე ძნელია, მეც მინდა მათ რიგებში ვიყო. ამიტომ ვტოვებ „ქართული ოცნების" პარტიას და თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას", – დაწერა სოციალურ ქსელში ჯიხვაშვილმა.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, ოპოზიციის მოწოდებებზე მთავრობის დამხობის შესახებ, სახალხო დამცველის მხრიდან სანქციებისა და ომის შესახებ განცხადებებზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს კონფლიქტში ჩართვისკენ. მან ასევე დაადანაშაულა ელჩი უმოქმედობაში ოპოზიციის პროვოკაციული განცხადებების დროს და პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს და მასმედიას საქართველოში.
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩის პასუხით იმედგაცრუებულია>>>
დეპუტატის შეკითხვებზე პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ მის სახელზე დაწერილი ღია წერილი ბოლომდე არც წაუკითხავს, რადგან ის სავსე იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით. როგორც ელჩმა აღნიშნა, მისთვის საწყენია, როცა დეპუტატი „ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“.
ყველა ახალი ამბავი
0