პაპუაშვილმა ოპოზიცია საბოტაჟში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები „ქართული ოცნებიდან"
დეპუტატები „ქართული ოცნებიდან - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
მიუხედავად საბოტაჟისა, ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად გეგმის შესრულებას ცდილობს, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ოპოზიცია საბოტაჟს უწყობს საქართველოს ევროპულ მომავალს, როდესაც უარს ამბობს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა.

„ამ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით ევროპული საბჭო გულისხმობს, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი, შეძლებისდაგვარად ფართო ჩართულობით. იმით, რომ არ ერთვებიან, აზიანებენ ამ პროცესის ინკლუზიურობას. სწორედ ეს არის მათი გათვლა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რათა საქართველომ არ მიიღოს პოზიტიური პასუხი. ესაა საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი – პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო" და „სტრატეგია აღმაშენებელი" არ ჩაერთვებიან რეკომენდაციების შესრულების პროცესში. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირს შეუძლია ჩათვალოს, რომ პროცესი არ არის ინკლუზიური.
„ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობაა, რომ 12 პუნქტი და რეკომენდაცია შესრულდეს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება ოპოზიცია, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
როგორც ევროკომისიაში თავდაპირველად განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ევროპული საბჭოს პირობების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს>>
მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ ევროკომისიის პირობამ, პირიქით, გააღრმავა სიტუაცია.
ყველა ახალი ამბავი
0