აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასწორად მიიჩნევს განცხადებების იმ ფორმას, როგორც ეს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მისამართით კეთდება.
პარასკევს, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, განაცხადა, რომ გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში ის შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კევინ ბურკს. საელჩოს თანამშრომელი მას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
მოსამართლემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა.
საპასუხოდ, დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ სასამართლო პროცესში ჩაერია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მწუხარებას გამოვთქვამ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა კეთდება აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი ფორმაა. თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება, მაშინ დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ დიპლომატთან შედგეს პირისპირ საუბარი და არა განცხადებები ტელევიზიითა და მედიით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩვენი მეგობრები – ჩვენი მეგობრებია და სხვა მეგობრები ჩვენ არ გვყავს, განაცხადა სახელმწიფო მეთაურმა.
ჩხიკვაძემ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტის დეპუტატის მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა გვარამიას საქმეზე, რომელიც მალე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გალერმა ღიად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ გვარამია 19 ივლისის სხდომაზე უნდა გაამართლოს, რათა „გამოასწოროს ძველი შეცდომები", ანუ იგულისხმება ჩხიკვაძის მიერ დაშვებული შეცდომები.
ეს ქართულ სასამართლოზე ზეწოლაა - ექსპერტი მოსამართლის სკანდალურ განცხადებაზე>>>
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ში დაგეგმილი გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პროფილის ექვსი ქართველი მოსამართლის გამგზავრება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მისცენ მოსამართლეებს საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0