დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი შვიდი პირი, მათ შორის „კიკა" და „ჩატო"

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
დაკავებულებს 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები აჭარაში, რუსთავსა და თბილისში მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული წესით" გარჩევის ფაქტზე დააკავეს.
„ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებულია ორი პირი, მათ შორის მამაკაცი მეტსახელად „ჩატო", კიდევ ორი პირი დაკავებულია „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. მათ შორისაა მამაკაცი მეტსახელად „კიკა", ხოლო სამი პირია დაკავებული „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა „კიკას" და კიდევ ერთი ბრალდებულის მეშვეობით თურქეთში მოძებნეს კლიენტი, რომელმაც სხვისი დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ოქროს ნივთები ყალბი იყო. მყიდველმა ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან დაბრუნების მიზნით დასახმარებლად „კანონიერ ქურდ" მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის მიმართა.
უწყების ცნობით, მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით საქართველოსა და თურქეთში რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები" მინდია გორაძე, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.
„დუკა“, „კამო“, „ფაჩიჩა“ და სხვები - შსს-მ რვა პირი დააკავა>>
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
„ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დაკავებულებს 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0