„დუკა“, „კამო“, „ფაჩიჩა“ და სხვები - შსს-მ რვა პირი დააკავა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი რვა პირი დააკავეს, კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებულთა შორისაა ხუთი პირი, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ხმალაძის („რომა ბათუმსკი“) ძმა, ასევე კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „დუკა“, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან ქობულაძის, მეტსახელად „ასლან ბათუმსკის“ ძმაა, აგრეთვე კიდევ ერთი ბრალდებული მეტსახელად „ფაჩიჩა“.
„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით კი დაკავებული არიან ორი ძმა და მათი ბიძაშვილი, მეტსახელად „კამო“. „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად „ბალუს“.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და მის ბიძაშვილს („კამო“) შორის დაპირისპირება მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიქმნა.
მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლისა და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად „ბალუს“ დაუკავშირდა.
კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული სხადნიაკი, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები და კრიმინალური ავტორიტეტები, ხოლო დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი მინდია ლავასოღლი და „ბალუ“.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით თანხა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0