სამეგრელოში ლურჯი მოცვის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

© Pixabay / Free-Photosმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქალაქ ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად 2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა დაგეგმილი. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის.
კომპანია „ბლუ ბერდ ბერიზმა“ სოფლის განვითარების სააგენტოსგან 500 ათასი ლარის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
აჭარის მთავრობის დაფინანსებით ქობულეთში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა>>>
ახლადგახსნილ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილზე გაეცნენ.

„სახელმწიფო პროგრამები ფარავს ლურჯი მოცვის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მხარს უჭერს არა მხოლოდ ბაღების გაშენებას და საწარმოების შექმნას, არამედ ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას იმისათვის, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ“, – განაცხადა ხანიშვილმა.

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებულია 21 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 10,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის კულტურა 1,3 ათას ჰექტარზეა გაშენებული, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 23,9 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0