როგორ შეაფასეს პოლიტიკოსებმა ომბუდსმენის აზრი „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
სახალხო დამცველს არა აქვს უფლებამოსილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მიზნით სარჩელის მომზადების შესახებ, ქართველ პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
სახალხო დამცველს არა აქვს უფლებამოსილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, ამიტომ სარჩელის პროექტი ომბუდსმენმა რამდენიმე სუბიექტს გადასცა, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, გასული წლის 5 ივლისს მასმედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტების უკან მოძრაობის ლიდერები დგანან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ომბუდსმენს თავისი მთავარი ფუნქცია შეახსენა – რომ ის ადვოკატია და არა პროკურორი.

„სახალხო დამცველი მთავარი ადვოკატია, ეს მისი კონსტიტუციური ფუნქციაა და ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე მიუღებელ ადამიანს ეხება, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, თუ რამდენადაა მისი უფლებები დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“ მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორები „ალტ-ინფოს“ ლიდერები იყვნენ, რომლებიც ხელისუფლებამ არ დასაჯა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ისინი არა მარტო არ დასაჯა, არამედ წაახალისა კიდეც. მათ შექმნეს პარტია, გახსნეს ოფისები. ამასთან, არავინ იცის, საიდან ფინანსდებიან ისინი, აღნიშნა მანჯგალაძემ.
დეპუტატის თქმით, „კონსერვატიული მოძრაობა“ მმართველ პარტიასთან შეთანხმებით მოქმედებს და აკეთებს იმას, რასაც ვერ ბედავს „ქართული ოცნება“.
დეპუტატ მიხეილ დაუშვილის (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“) თქმით, „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ აუცილებელია ზომების მიღება.
დაუშვილი მიიჩნევს, რომ მოძრაობის გაუქმება სასწრაფოდ საჭირო არ არის, მაგრამ ამაზე ადეკვატური რეაგირება აუცილებელია.
პარლამენტის დეპუტატი, „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის.
„ასეთი ტიპის შეზღუდვები საბოლოო ჯამში იმას შეეხება, ვისაც არასოდეს არ უნდა შეეხოს და სრულიად დაუსაბუთებლად გააძლიერებს სისტემის უფლებამოსილებას. უცნაურია, რომ სახალხო დამცველის პოზიციიდან აკეთებს ამას... აკრძალვა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს სახალხო დამცველი ისევ „ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტი გახდა>>
„კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველს არა აქვს მტკიცებულებები, რომ მოძრაობა უცხოეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობს.
მორგოშიას თქმით, ლომჯარიას რომ მტკიცებულებები ჰქონდეს, მათ დიდი ხნის წინ ამხელდნენ. ამავე ლოგიკით, ბევრ პარტიას მოუწევს სასამართლოსა და საზოგადოების წინაშე პასუხის გაცემა, აღნიშნა მორგოშიამ.
სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის საჯარო ვიდეომასალები საშუალებას იძლევა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე.
„ქართული ოცნება“ ომბუდსმენის მიერ გვარამიას განაჩენის შეფასებით უკმაყოფილოა>>
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „კონსერვატიული მოძრაობა“, როგორ პარტია, 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.
პარტია ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შეიქმნა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა თბილისში 20 ნოემბერს გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ 300-ზე მეტმა დელეგატმა ზურაბ მახარაძე აირჩია, ხოლო გენერალურ მდივნად – გიორგი ქარდავა.
ყველა ახალი ამბავი
0