ბიზნეს-ასოციაციას ბიზნესის კლიმატის დადებითი დინამიკის იმედი აქვს

© Government of Georgiaგუდიაშვილის მოედანი
გუდიაშვილის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა, ორგანიზაცია 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება მეწარმეების მხრიდან ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისადმი დროულ ადაპტაციაზე მიუთითებს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) განცხადებაში.
BAG-ის კვლევის თანახმად, ბიზნეს-კლიმატი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, გაუმჯობესდა. ასოციაციაში საშუალოვადიან პერსპექტივაში BAG-ის ინდექსის დადებითი დინამიკის შენარჩუნების იმედი აქვთ.
ბიზნეს-ასოციაციის ინფორმაციით, მიღებული შედეგი ხაზს უსვამს არა მხოლოდ პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის პროცესის წარმატებით დასრულებას, არამედ ბიზნეს-ოპერატორების ადაპტაციას გეოპოლიტიკურ სირთულეებთან და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ნეგატიურ შედეგებთან.

„შესაბამისად, კვლევის ზოგიერთმა მაჩვენებელმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შემდეგი ორი კვარტლის პოზიტიურ განწყობებზეც აისახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

BAG-ის ინფორმაციით, დასაქმების ბარომეტრის კუთხით 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მიუთითებს კომპანიების საინვესტიციო აქტივობისა და ახალი პროექტების განხორციელების ტენდენციაზე.
ამასთან, მკაფიოდ იკვეთება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამუშაო ძალის საჭიროება, და ეს იმ ფონზე, როცა ბიზნესი დასაქმების მიმართულებით აქტიურ ზრდასა და გაფართოებას გეგმავს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი: ეკონომიკის ზრდა მოლოდინს გადააჭარბებს>>>
ბიზნესის აქტიურობის ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ახალი სამუშაო ადგილები ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მოქალაქეების დასაქმების მეტ პერსპექტივას იძლევა, აღნიშნავენ ბიზნეს-ასოციაციაში.
გარდა ამისა, ასოციაციის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, ძალიან მაღალია ბიზნეს-კლიმატის ის კომპონენტი, რომელიც უახლოეს ექვს თვეში პოზიტიურ განწყობებს ასახავს, ვინაიდან ბიზნესის ოპტიმისტური მოლოდინი, თავის მხრივ, დამატებით ასტიმულირებს ბიზნეს-ოპერატორების საინვესტიციო აქტივობებს და წარმოადგენს იმ არხს, რომელიც აძლიერებს მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციას.
ბიზნესის მიერ ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულება ქმნის დამატებით საბიუჯეტო შემოსავლებს მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფისთვის.
საქართველოში გაჩნდება მიკრობანკები, რომლებიც ბიზნესზე იაფ სესხებს გასცემენ>>>
ასევე აღნიშნულია, რომ კვლევის შედეგები სრულ თანხვედრაშია ექსპერტებისა და ცალკეული ინსტიტუტების მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებთან.
„ასევე ცალსახაა, რომ ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ბიზნესის გააქტიურებისა და ბიზნეს-ოპერატორების პოზიტიურ მოლოდინებში ტრანსფორმირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
BAG-ში იმედოვნებენ, რომ ზემოხსენებული პოზიტიური დინამიკა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს-სექტორისთვის, ისე მასში დასაქმებული ადამიანებისა და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა და ის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს, მათ შორის – ბანკებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების მსხვილ ქსელებს.
ყველა ახალი ამბავი
0