წყალტუბო უნდა იქცეს ბადენ-ბადენად: მთავრობამ კურორტის აღდგენის გეგმა შეიმუშავა
21:21 05.07.2022 (განახლებულია: 21:22 05.07.2022)
© Government of Georgiaწყალტუბო
გამოწერა
გენერალური გეგმის განხორციელების შედეგად წყალტუბოში მინიმუმ 3200 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება, უძრავი ქონება კი 10-ჯერ გაძვირდება
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე.
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ–რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.
„დაახლოებით 500 მლნ ლარის კერძო ინვესტირება განხორციელდება, წყალტუბოს აღსადგენად. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი თუ სხვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 90-იანი წლებიდან კურორტის განვითარებას აფერხებდა ის, რომ სამკურნალო წყლის ლიცენზია კერძო პირის ხელში იყო. მთავრობის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა მისი გამოსყიდვა.
„სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
© Government of Georgia Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში
ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში
© Government of Georgia Сourtesy of Georgian Government
გენერალური გეგმის წარდგენისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აღდგენის შემდეგ წყალტუბოს სანატორიუმები წელიწადში 350 ათასამდე სტუმრის მიღებას შეძლებენ.
„დღეს წყალტუბოში ათამდე ობიექტი ფუნქციონირებს და არცერთი არ არის პრემიუმ კლასის. თუ ადრე აქ 300 ათას ვიზიტორს მასპინძლობდნენ, ყველა შეფასებით, თანამედროვე კურორტის განვითარების შემთხვევაში ის 350 ათასამდე სტუმრის მიღებას შეძლებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
© Government of Georgia Сourtesy of Georgian Governmentლევან დავითაშვილი წყალტუბოში
ლევან დავითაშვილი წყალტუბოში
გენერალური გეგმის განხორციელების შედეგად წყალტუბოში მინიმუმ 3200 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება, უძრავი ქონება კი 10-ჯერ გაძვირდება. წყალტუბოს სანატორიუმებში ნომრები 6000 საწოლზე იქნება გათვლილი. მოეწყობა ხუთი პრემიუმ კლასის სასტუმრო, ხუთი - ეკონომ კლასის და კიდევ ოთხი სასტუმრო განსახლების ობიექტი.
გარდა ამისა, კურორტის განვითარებისას მომგებიანად იქნება გამოყენებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე, ასევე კლიმატის უნიკალურობა და მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა. ინვესტორები ასევე მრავალფეროვანს გახდიან ბალნეოლოგიური კურორტის ღამის ცხოვრებას.
© Сourtesy of Georgian Governmentწყალტუბოში კურორტის რეაბილიტაციის გეგმა
წყალტუბოში კურორტის რეაბილიტაციის გეგმა
როგორც მთავრობის მეთაურმა, ისე ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია წყალტუბო იქცეს ისეთ კურორტად, რომელიც სტუმრების მიღებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს, ის უნდა გახდეს თანამედროვე, ინკლუზიური და მრავალფუნქციური.