„ოცნებამ“ ოპოზიცია ევროკავშირის თემით მანიპულაციაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობის ორგანიზების რესურსი არა აქვთ, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. რადიკალური ოპოზიცია ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თემას იყენებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გუშინ საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობის გადადგომასა და ევროკავშირის პირობების შესრულებას მოითხოვდნენ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქციის ორგანიზატორი იყო „სახალხო მოძრაობა“, რომელსაც სათავეში უდგას ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილია“.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება.
„გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ, აღნიშნა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე ბაკურიანში ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენლის შეხვედრა, სადაც რევოლუციური სცენარების სპეციალისტი პიტერ აკერმანი მიიწვიეს.

„ამ გეგმის განხორციელებას სჭირდებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ენჯეო-სატელიტები კი ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა.
„სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული მოქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი“, – აღნიშნა მან.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის განმტკიცებისთვის „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში, აღნიშნა კობახიძემ.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
საპროტესტო აქცია თბილისში - „ქართული ოცნების“ რეაქცია
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0