აქციის მონაწილეები მთავრობის სხდომის ჩაშლას შეეცადნენ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კანცელარიის შენობაში უკვე იმყოფება პრემიერი ღარიბაშვილი.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საპროტესტო აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები, რომლებიც გუშინდელი საღამოდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან, მთავრობის სხდომის ჩაშლას ცდილობენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა.
3 ივლისს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა გვიან საღამოს მთავრობის კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლეს.

„ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვრჩებით... ამოცანა ძალაში რჩება – ჩვენ უნდა ვაიძულოთ პრემიერი ღარიბაშვილი გაიგონოს ჩვენი ხმამაღალი პროტესტი“, – განაცხადა რუხაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის სხდომა, ტრადიციულად, ორშაბათობით, 11:00 საათზე იმართება. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, კანცელარიის შენობაში უკვე იმყოფება ღარიბაშვილი.
აქციაზე შეკრებილები ხმაურითა და სტვენით გამოხატავენ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ევროპა თუ ძალაუფლება: პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდებს>>>
დღეს კანცელარიასთან ვითარება დილიდანვე დაიძაბა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ შენობაში სამანქანე შესასვლელის ჩახერგვას და მინისტრთა კაბინეტის სხდომის ჩაშლას. პოლიციამ აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლება შეძლო.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით დაიმუქრა. ხელისუფლებამ მუქარას ყურადღება არ მიაქცია. უცნობია ოპოზიციის გეგმებიც.
ყველა ახალი ამბავი
0