საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება: 22 საგამოცდო ცენტრი მზადაა

© AFP 2024 / FRED DUFOURსტუდენტები გამოცდაზე
სტუდენტები გამოცდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოში 22 საგამოცდო ცენტრი მზად არის უმასპინძლოს 90 ათასამდე აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე არის რეგისტრირებული, იუწყება განათლების სამინისტრო.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გასტანს. პირველი გამოცდა 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურაში ჩატარდება.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათთან გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილა.
საორგანიზაციო ჯგუფს ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რათა „ეროვნულ გამოცდებზე თითოეულმა აბიტურიენტმა სრულფასოვან და აკადემიურ გარემოში შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა“.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თანაბარი, მშვიდი და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად ყოველ წელს იქმნება სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.
გარდა ამისა, საორგანიზაციო ჯგუფში შედიან მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „მაგთიკომის“, „სქაიტელისა“ და „თელასის“ წარმომადგენლები.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდან საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთვებიან. მასწავლებლები საგნის და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას 25 ივლისის ჩათვლით შეძლებენ.
სამაგისტრო გამოცდები 26-27 ივლისს ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ წელს პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, მაგრამ აბიტურიენტმა ის თან უნდა იქონიოს.
იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, მაგრამ რეგისტრირებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებით სესიას უზრუნველყოფს, სადაც ისინი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.
თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა: მთავრობის დადგენილება >>
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებულია 2,5 ათასი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 9,5 ათასი.
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. აქედან დაახლოებით 19,5 ათასი საგნის გამოცდას ჩააბარებს, 12,5 ათასზე მეტი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდას.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
წყარო - განათლების სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0