რუსთაველის გამზირზე მამაკაცმა თავის დაწვა სცადა - ვიდეო
14:05 02.07.2022 (განახლებულია: 14:34 02.07.2022)
© photo: Sputnik / Stringerლგბტ-მოწინააღმდეგეების აქცია
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირობას დებს, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავს და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ჰომოფობიას უკავშირდება. მამაკაცის თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ.
გამოძახებულია სასწრაფო დახმარება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ „ალტ-ინფოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ლგბტ-კვირეულის ჩატარებას და აცხადებენ, რომ არ მისცემენ მათ რუსთაველის გამზირზე რაიმე ღონისძიების ჩატარების უფლებას.
დღეს Tbilisi Pride Week-ის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომლის ჩატარება, წლევანდელი კვირეულის სხვა ღონისძიებების მსგავსად, ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება.
აღნიშნული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირობას დებს, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავს და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, აღნიშნავენ უწყებაში.
წუხელ ღამით კი მთაწმინდაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავეს. 26-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„მათ მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო - შსს, ტელეკომპანია „ფორმულა“