სუბარი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი უსამართლო გადაწყვეტილებაა

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით „საზოგადოებაში სერიოზულ ტურბულენტობას" იწვევს, მიაჩნია დეპუტატს.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა უსამართლო გადაწყვეტილება იყო, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ევროკავშირის საბჭომ გასულ კვირაში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი შესრულდება დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა. უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატის სტატუსს, არამედ კანდიდატობის კანდიდატის სტატუსს, რაც არაფერს ნიშნავს. ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით და მრავალი წელი ველოდით. მაგრამ როცა ეს ორი ქვეყანა ხდება კანდიდატი, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატი, ეს უსამართლობაა“, – განაცხადა სუბარმა.

ასეთი გადაწყვეტილება, დეპუტატის თქმით, „საზოგადოებაში სერიოზულ ტურბულენტობას იწვევს“.
„ოპოზიციას გაუჩნდა შანსი, მოატყუოს საზოგადოება და თქვას, რომ „ქართული ოცნება" ხელს უშლის ამას. სიმართლის თქმაა საჭირო. ხანდახან სიმართლე არის ის, რასაც კულუარებში ამბობენ და რისი გამჟღავნებაც ხელისუფლებას არ სურს", – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
სუბარი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ სამი ლიდერიდან, რომლებმაც სამშაბათს პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მთავარ მიზეზად მათ საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.
რისთვის მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - „ოცნების“ ყოფილი წევრები>>>
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ვერ შეძლო, თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება. ულტიმატუმს ვადა პარასკევს ეწურება.
ტექნიკური მთავრობის შექმნას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმეშენებელმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ეს ის პარტიებია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ უწოდებს დესტრუქციულ ძალას, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს.
მანამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების გადაწყვეტილება უკვე წარმატებაა და ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ყველა ის ამოცანა, რომელიც ქვეყანას დაუსახეს სტატუსის მოსაპოვებლად. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაში, რომელიც ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა, ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0