ტექნიკური მთავრობის შექმნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა არ შეესაბამება არც კანონმდებლობას და არც ქვეყნის კონსტიტუციას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.

„რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია ერთად, ოპოზიციასთან ერთად ევროკავშირის გზით სიარულს გულისხმობს, მაგრამ ამის ნაცვლად ოპოზიცია რაღაც გაუგებარ ვადებს აწესებს, თითიდან გამოწოვილ ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობს, რაც ახლოსაც არ არის ჩვენს კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან“, – განაცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ეს ის პარტიებია, რომელთაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ ძალას უწოდებს. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ პარტიებს სურთ ქვეყანაში ვითარების გამწვავება და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო.
ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.
ვოლსკი: ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის ქაოსის მომტანი იქნება>>>
გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
ყველა ახალი ამბავი
0