შსს Tbilisi Pride-ის კვირეულის მონაწილეებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჰპირდება

© photo: Sputnikშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
ჯგუფებს, რომლებიც გამოდიან Tbilisi Pride Week-ის ჩატარების წინააღმდეგ, უწყება მოუწოდებს დაიცვან კანონი და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ კავშირშია Tbilisi Pride Week-ის ორგანიზატორებთან, რათა დაგეგმილი დახურული ღონისძიებები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქართველოში 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით Tbilisi Pride Week-ის ჩატარება იგეგმება. ლგბტ თემის წარმომადგენლები რამდენიმე ღონისძიების გამართვას აპირებენ. კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები კი ამ ღონისძიებების ჩაშლას გეგმავენ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე კვირეულის ფარგლებში თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით გაეროს, „თბილისი პრაიდის", ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი–პრაიდში“ განაცხადეს, რომ წელს უარს ამბობენ ე.წ. ღირსების მარშის ჩატარებაზე. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სივრცე და შესაძლებლობები.
„ღირსების მარში“ Tbilisi Pride Week-ის ფარგლებში თბილისში 2021 წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმ დღის დილა კონტრაქციით დაიწყო. „თბილისი–პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კი მასმედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც მიკროფონით ან კამერით ხედავდნენ.
იმ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. პოლიციელებმა 27 ადამიანი დააკავეს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0