თსუ-ის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობას სტუდენტებიც მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ აქტუალური თემები.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა სტუდენტებთან ერთად მოხდება, ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ივნისის დასაწყისში უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. 10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. ისინი ტერიტორიის დატოვებას იმ დრომდე არ გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
პროტესტის ფონზე სასწავლებლის ხელმძღვანელობისა და სტუდენტების ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა გაიმართა თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსთან ლაშა საღინაძესთან, რომელზეც განიხილეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური გამჭვირვალობის საკითხები.
გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა>>>
საღინაძის თქმით, სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ ხდება უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა.

„ჩვენ შევთავაზეთ და შევთანხმდით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში, სენატის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტებიც“, – განაცხადა საღინაძემ.

გაფიცულ სტუდენტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მხარეებს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა, რომელზეც საერთო საცხოვრებლის საკითხი განიხილეს. ასევე დაგეგმილია რექტორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრა.
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ აქტუალური თემები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში, აღნიშნავენ სასწავლებელში.
პროტესტი თსუ-ში
ბოლო პერიოდში რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
სტუდენტების მოთხოვნებია: უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის შეცვლა; ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ჩაბარება; საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს შეხვდა: შედეგები>>>
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში - ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა აქვთ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
ყველა ახალი ამბავი
0