პროტესტი თსუ-ში: სტუდენტების ნაწილმა რექტორის კაბინეტი დაიკავა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენადაც იგი სტუდენტების შეფასების სამართლიანი ფორმაა.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატვის თავისუფლების პრინციპს პატივს სცემს, თუმცა ძალადობრივი ხასიათის ნებისმიერ ქმედებას მიუღებლად მიიჩნევს, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თსუ-ის სტუდენტების ერთი ჯგუფის და მოძრაობის „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს. ისინი ტერიტორიის დატოვებას იმ დრომდე არ გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
სტუდენტებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ: უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის შეცვლა; ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ჩაბარება; საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს მიმართონ.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა – ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეგიონული საგამოცდო ცენტრები 20 ივნისიდან გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩასატარებლად უკვე სრულ მზადყოფნაშია. ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულტეტის 160-მდე სტუდენტმა გამოთქვა. რეგიონულ ცენტრებში გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 1 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში ჩაბარების უფლება მიეცათ.
პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენადაც იგი სტუდენტების შეფასების სამართლიანი ფორმაა.
თსუ: ფინალური გამოცდები დამატებით საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება>>>
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა ექნებათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
ამ დროისათვის თსუ-ში 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0