თსუ: ფინალური გამოცდები დამატებით საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება

© photo: Sputnikთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენადაც იგი სტუდენტების შეფასების სამართლიანი ფორმაა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი რეგიონული საგამოცდო ცენტრები 20 ივნისიდან გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში ჩაბარების უფლება მიეცათ.

ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდების ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულტეტის 160-მდე სტუდენტმა გამოთქვა. რეგიონულ ცენტრებში გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 1 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
თსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლებლის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ის გამოწვევები, რაც მიმდინარე სემესტრში, პოსტ-პანდემიურ გარემოში შეიქმნა. უნივერსიტეტმა სტუდენტებს სწავლის ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებისა და გამოცდების რეგიონულ ცენტრებში ჩაბარების შესაძლებლობა მისცა.
„აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის საგამოცდო პროცესის გამარტივება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისსა და რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რითაც უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას. საგამოცდო ცხრილები სტუდენტებს უახლოეს დღეებში ეცნობებათ.
„ბრძოლა განათლებისთვის“: სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ>>>
როგორც ადრე თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, უნივერსიტეტის ფაკულტეტები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული იმ სტუდენტის საქმეს, ვისაც საცხოვრებლის გამო თბილისში გამოცდების დასწრებულად ჩაბარების პრობლემა აქვს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენადაც იგი სტუდენტების შეფასების სამართლიანი ფორმაა.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისთვისაც საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა ექნებათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
ამ დროისათვის თსუ-ში 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0