„ბრძოლა განათლებისთვის“: სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოძრაობის „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება.
სტუდენტებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ: უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის შეცვლა; ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ჩაბარება; საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამგვარი სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათებიც დააწესა.
სტუდენტების აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გამოეხმაურა.

„თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც ამ დღეებში საერთაშორისო აკრედიტაციას გადის – ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია აფასებს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწავლების განათლების მაღალი ხარისხი და სასწავლო პროცესში თითოეული სტუდენტის ჩართულობა“, – განაცხადა შარვაშიძემ.

მისი თქმით, გამოცდა სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მიღებული განათლების შეფასება კი თანაბრად და სამართლიანად უნდა მოხდეს. შესაბამისად, გამოცდების ფორმატი ყველასთვის საერთო უნდა იყოს. მსოფლიოში არცერთი უნივერსიტეტი არ ამბობს იმას, რომ ონლაინ ჩაბარებული გამოცდა შედეგიანია, აღნიშნა რექტორმა.
„სტუდენტთა ნაწილი გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩაბარებას ითხოვს. მე ამ სტუდენტურ ჯგუფს ორჯერ შევხვდი. მესმის, რომ პანდემიის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნება რთულია, მაგრამ როცა პანდემიური მდგომარეობა აღარ არის, როცა ყველა სფეროში პრაქტიკულად სტანდარტული სამუშაო პროცესი აღდგა, ჩვეულ სასწავლო რეჟიმს უნივერსიტეტიც უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა შარვაშიძემ.
როგორც შარვაშიძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, უნივერსიტეტის ფაკულტეტები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული იმ სტუდენტის საქმეს, ვისაც საცხოვრებლის გამო გამოცდების დასწრებულად ჩაბარების პრობლემა აქვს.
თსუ-ის „პრობლემური" სტუდენტების საქმეს ინდივიდუალურად განიხილავენ>>>
შარვაშიძე ასევე შეეხო საერთო საცხოვრებლების თემას. თბილისში ორი სტუდენტური საერთო საცხოვრებელია, მათ შორის ერთი ახალია, სადაც ამ დროისათვის 60 თავისუფალი ადგილია. რაც შეეხება ბაგებში არსებულ ძველ საერთო საცხოვრებელს, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა ახლის აშენება.
შარვაშიძის თქმით, როდესაც თსუ სწავლების ჩვეულ ფორმატზე სრულად გადავა, სტუდენტებს რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებენ. კერძოდ, თუ სტუდენტს თბილისში ჩამოსვლა არ შეუძლია, მას საშუალება ეძლევა ჩავიდეს ქუთაისში ან ახალციხეში, სადაც რეგიონებიდან ჩასვლა გაცილებით ნაკლებ ხარჯსა და დროს მოითხოვს, და იქ ჩააბაროს გამოცდები.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისთვისაც საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა ექნებათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
ამ დროისთვის თსუ-ის შვიდ ფაკულტეტზე დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0