ღარიბაშვილი: თუ ვინმე იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
საქართველო უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას ყველა საერთაშორისო რეიტინგში, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

„თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს არა როგორც ემოციების და აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით, საქართველოა... სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ ეს გადაწყვეტილება, გულდასაწყვეტია ყველასთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ყველა საერთაშორისო რეიტინგში უსწრებს, მათ შორის, მართლმსაჯულების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ეკონომიკის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და კორუციასთან ბრძოლის კუთხით.
„ემოციურად ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ამ ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მას იმედი აქვს, რომ ევროპული პერსპექტივა დოკუმენტურად დადასტურდება ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტზე.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპამ საქართველოსთვის კარი გახსნა და ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა, საქართველოს ხელისუფლება კი განაგრძობს ყველა რეფორმას, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაში არის გაწერილი.
მან სინანულით აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინის მოვლენებით არის ნაკარნახევი.
„იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია, არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ, ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ ყველა პარამეტრით, სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
კამათი დეპუტატებთან: პრემიერი პარლამენტში გამოდის
პრემიერის გამოსვლა პარლამენტში არაერთხელ შეწყდა ოპოზიციონერი დეპუტატების წამოძახილების გამო. ისინი პრემიერს სიცრუეში ადანაშაულებენ.
პრემიერის ყოველწლიური ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს და ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მუშაობას ყველა მიმართულებით.
ძირითადი თემები, რომლებზეც პრემიერი ისაუბრებს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა.
ყველა ახალი ამბავი
0