საქართველოს ხელისუფლება „ბნელ ძალებს“ გეგმის განხორციელების საშუალებას არ მისცემს - კალაძე

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებს, მიაჩნია თბილისის მერს.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დესტრუქციულ ძალას არ მისცემს ნებას, ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისში 20 ივნისს მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციაზე გამოცხადდა მანიფესტი სახალხო მოძრაობის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება. აქცია ევროკავშირის სამიტის წინ (23-24 ივნისი) გაიმართა, სადაც განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.
„ჩვენ არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა, ქვეყნის განვითარება და წინსვლა. ამ ქვეყანაში ამის შესაძლებლობა არავის მიეცემა“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებს.
„არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩვენი ქვეყანა იმ დიდი ოჯახის წევრი გახდეს, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და გვაქვს საერთო მიზანი, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება დიდ ევროპულ ოჯახში“, – აღნიშნა კალაძემ.
ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
წულუკიანი: აქცია ბევრისთვის იმედგაცრუება გახდა>>
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
ასევე საქართველოს მოუწოდეს, გახადოს სასამართლო სისტემა მთლიანად და ნამდვილად დამოუკიდებელი, აღჭურვოს ახალი სტრუქტურები – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ყველა აუცილებელი რესურსით და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა, განამტკიცოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა.
პირობებს შორის ასევე დასახელდა „დეოლიგარქიზაციის მხრივ ვალდებულებების რეალიზაცია" ანგარებიანი ინტერესების ზედმეტი გავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან; უფრო აქტიური ძალისხმევა მასმედიის თავისუფლების, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0