„უსამართლოა" - პრემიერი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
საქართველომ ევროკავშირისკენ გზაზე კონკრეტული მუშაობა გასწია, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსამართლო უწოდა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ამ ეტაპზე უარი ეთქვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

„უსამართლოა!.. საქართველოს თუ შევადარებთ და ჩვენთან ჩატარებულ რეფორმებს გადავხედავთ, ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ძალიან მკაფიო მუშაობა და შედეგები გვაქვს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება კონფლიქტის გამო მიიღეს. რაც შეეხება მოლდოვას, პრემიერის თქმით, ქვეყანა „ძალიან რთულ ვითარებაშია, ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით იქ რთული ვითარებაა".
„სამივე ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა... ევროპული პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პირობები სამივე ქვეყანას განესაზღვრა", – განაცხადა პრემიერმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
„ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“ - პრემიერი>>
ასევე საქართველოს მოუწოდეს, გახადოს სასამართლო სისტემა მთლიანად და ნამდვილად დამოუკიდებელი, აღჭურვოს ახალი სტრუქტურები – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ყველა აუცილებელი რესურსით და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა, განამტკიცოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა.
პირობებს შორის ასევე დასახელდა „დეოლიგარქიზაციის მხრივ ვალდებულებების რეალიზაცია" ანგარებიანი ინტერესების ზედმეტი გავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან; უფრო აქტიური ძალისხმევა მასმედიის თავისუფლების, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0