ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ

© courtesy of National Wine Agency of Georgiaქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
ბრიტანელი პროფესიონალების განცხადებით, საქართველო გამოირჩევა მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებით.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ათკაციანი ჯგუფი სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მასმედიის წარმომადგენლები იყვნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით განხორციელდა.
ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები გასინჯეს.
ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.
სტუმრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.

„ძალიან კარგი ტური გამოვიდა ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის, სამზარეულოსა და, რა თქმა უნდა, ღვინის თანხლებით. ღვინოები მართლაც შთამბეჭდავი იყო. აღსანიშნავია, რომ ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის გაყიდვები ბრიტანეთში თითქმის ათჯერ გაიზარდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება", – აღნიშნა Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ღვინით ვაჭრობის კომპანია House of Townend-ის წარმომადგენლის ჯონ ტოუნენდის განცხადებით, ქართულ ღვინოს ბრიტანეთის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.
„აღფრთოვანებული ვარ არაჩვეულებრივი ადგილების ხილვით და ადგილწარმოშობის ჯიშების მრავალფეროვნებით. ისინი ძალიან საინტერესო და უნიკალურია და, ჩემი აზრით, მათ დიდი პოტენციალი აქვთ ღვინის საერთაშორისო ბაზარზე. ერთი სული მაქვს, როდის წავიღებ ქართულ ღვინოს ლონდონში და დავიწყებ მათ რეალიზაციას. დარწმუნებული ვარ ამ ღვინოების წარმატებაში", – აღნიშნა ჯონ ტოუნენდმა.
ქართული ღვინო ლონდონის გამოფენაში მონაწილეობს>>
ჯონ ტოუნენდი ინგლისში ღვინით ვაჭრობის ერთ-ერთი კომპანიის მფლობელების მეოთხე თაობას წარმოადგენს და ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტია.
ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარი–მაისში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0