საბავშვო ბაღების ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

© Pixabay / _Alicja_საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განხორციელდება.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წლიდან საბავშვო ბაღების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც ითვალისწინებს სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციას და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეფორმის მთავარი მიზანია ქვეყანაში სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ბავშვების სკოლისთვის მომზადება.

რეფორმის ფარგლებში საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია 2029 წლის ბოლომდე უნდა გაიარონ. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე საქმიანობდა როგორც ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულება ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება.
რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის საბავშვო ბაღებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს იმ დრომდე, ვიდრე ისინი ავტორიზაციას გაივლიან, აღნიშნავენ სამინისტროში. უფრო მეტიც, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველი ერთიანი ბაზა შეიქმნება.
რეფორმის ფარგლებში ასევე იგეგმება სპეციალისტების ჯგუფების შექმნა, რომელთა წევრებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ დაწესებულებასთან და მათ შემდგომ განვითარებაში დაეხმარებიან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზრდება საგანმანათლებლო პროცესში მშობლების როლი და ჩართულობა – მშობელთა ჯგუფი დაწესებულების თვითშეფასების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე და მონაწილე გახდება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე +995 322 200 220, ან უწყების ოფიციალურ გვერდზე.
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას.
ყველა ახალი ამბავი
0