კომუნიკაცია შედგა: თსუ-ის რექტორი გაფიცულ სტუდენტებს შეხვდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის კანცლერის განცხადებით, მხარეები ძირითად კონსენსუსამდე მივიდნენ.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გაფიცულ სტუდენტებს გუშინ, გვიან საღამოს შეხვდა.
გასულ კვირაში უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, რომელიც სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას მოითხოვს, მის კაბინეტში შეიჭრა და დაიკავა ის. მანამდე რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
სტუდენტებს კვირაზე მეტია რექტორის კაბინეტი აქვთ დაკავებული. ისინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რექტორსა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თსუ-ში გაფიცვა გრძელდება: პროცესში სახალხო დამცველი ჩაერთო>>>
როგორც სტუდენტური მოძრაობის „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრებმა განაცხადეს, შეხვედრა დაუგეგმავი იყო და მათი მოთხოვნები ზედაპირულად განიხილეს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართება, კითხვებზე ზუსტ პასუხებს მიიღებენ.

„ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა, სადაც ჩვენი მოთხოვნები განვიხილეთ. გადავწყვიტეთ, რომ გაიმართოს ფორმალური საჯარო შეხვედრა, სადაც სტუდენტებიც შეძლებენ მოსვლას, უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს და გვექნება შესაბამისი პასუხები. რომელიმე კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება არ მომხდარა“, – განაცხადა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

უნივერსიტეტის კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით კი, შეხვედრაზე ძირითად საკითხებზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მეტი დიალოგია საჭირო და მათ შესახებ დღეს დაანონსებულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
გუშინ პროცესში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ჩაერთო. ის გაფიცულ სტუდენტებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეების მოთხოვნებს გაეცნო. მასთან შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომელიც მანამდე უარს აცხადებდა გაფიცულებთან შეხვედრაზე, სანამ ისინი რექტორის კაბინეტს არ დატოვებენ, განაცხადა, რომ მზად იყო მოლაპარაკებისთვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
დღეისათვის თსუ-ის 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყნის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს მისცა სწავლების ფორმის არჩევის თავისუფლება – ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდული თუ დასწრებული ფორმით.
ყველა ახალი ამბავი
0