სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხშირად წარმოიქმნებოდა პრობლემები გადაწყვეტილების ჩაბარებასთან, მისი ძალაში შესვლასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სამშენებლო კანონდარღვევების წინააღმდეგ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე თბილისის საკრებულომ ახალი წესი დაამტკიცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ზოგიერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც უკანონო მშენებლობას ახორციელებს, ხშირად უარს აცხადებს მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რათა მერიამ შესაბამისი ზომები არ გაატაროს.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი ინიციატივით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს და ის დამტკიცდა. ასევე საკრებულომ დაამტკიცა შესაბამისი წესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლებამ კანონდამრღვევ მშენებლებთან მიმართებით არაერთხელ გაამკაცრა სანქციები, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული კანონი მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას დააჩქარებს.
„პირველ რიგში, გადაწყვეტილება საჩივრის ავტორის მიერ საფოსტო გზავნილით გაიგზავნება მითითებულ მისამართზე“, – განაცხადა მერმა.
ხოლო დარღვევის შესახებ აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ჩაითვლება გაცნობილად.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა>>>
ბოლო წლებში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები 3-12 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, უკანონო მშენებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელიწადში სამშენებლო სექტორში 4,2 ათასი დარღვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.
2014–2017 წლებში, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში გამოვლინდა 3,2 ათასი დარღვევა და 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.
ყველა ახალი ამბავი
0