„ასეთი რამ საქართველოში არასდროს ყოფილა" - ჩხაიძე ეპიდვითარებაზე

© courtesy of AlpenPharma Caucasusივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
ქვეყანაში ბოლო ექვს თვეში ბავშვებში გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების 52 შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. წელს სეზონური ვირუსები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა – ერთბაშად შეიცვალა ორი მაჩვენებელი, რომელიც საქართველოში ადრე არასდროს ყოფილა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
პირველი მაჩვენებელი – გრიპის შემთხვევების მკვეთრი ზრდაა. 1 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში გრიპის ვირუსის 44 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2020-2021 წლებში ლაბორატორიულად მხოლოდ ორი შემთხვევა დადასტურდა.
მეორე – გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მატების პიკი წელს მარტი–აპრილს დაემთხვა, მაშინ, როდესაც რესპირატორული ვირუსული ინფექციები ჩვეულებრივ დეკემბერი–იანვარში ფიქსირდებოდა.
ამ სეზონზე გრიპის ვირუსის შემთხვევები ყველაზე ხშირად ბავშვებს შორის გვხვდება, განაცხადა ჩხაიძემ „მთავარის“ პრეს-ცენტრში.
რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში - ინფექციონისტის განმარტება>>>
მან ყურადღება გაამახვილა ორ წლამდე ბავშვებში კიდევ ერთი ვირუსის – რესპირაციულ-სინციტიური ტიპის ვირუსის გავრცელებაზე.
აღნიშნული ვირუსი ბრონქიოლიტს იწვევს. ვირუსული ბრონქიოლიტი ქვედა რესპირატორული ტრაქტის მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომლის დროსაც ხდება წვრილი ბრონქიოლების დაზიანება. მისი კლინიკური გამოვლინებაა ხველა, მსტვინავი სუნთქვა და სუნთქვის გაძნელება. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ორიდან ექვს თვემდე ბავშვებში ფიქსირდება.
„წელს ამ ვირუსის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. მარტო 1 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში ლაბორატორიულად 92 შემთხვევა დადასტურდა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო. ჯანმომ ჯერ კიდევ დეკემბერში იწინასწარმეტყველა გრიპის ვირუსისა და სხვა ინფექციების შემთხვევების მოსალოდნელი ზრდა. სპეციალისტები ასეთ ტენდენციას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ელოდნენ.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, პირბადის ტარებამ, ჰიგიენის დაცვამ და სოციალურმა დისტანციამ ხელი შეუშალა არა მარტო კორონავირუსის, არამედ სხვა ინფექციების გავრცელებას, შეზღუდვების მოხსნის, მათ შორის პირბადის ტარების წესის გაუქმების შემდეგ კი ქვეყანამ მიიღო ასეთი შედეგი.

ექიმის განცხადებით, სხვა ვირუსებთან შედარებით, გრიპის ვირუსი ყველაზე საშიშია. დაცვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ვაქცინაციაა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვირუსი ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და შეიძლება ფილტვების დაზიანება გამოიწვიოს, მედიკოსები 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევიან.

ბოლო ექვს თვეში ბავშვებში გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების 52 შემთხვევაა დადასტურებული, აღნიშნა ჩხაიძემ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
ყველა ახალი ამბავი
0