სუსტი ანალიზი: სალომე ზურაბიშვილს მმართველ პარტიაში უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ბევრი ცნობილი ფაქტი პრეზიდენტს გამორჩა ან სრულიად იგნორირებული იყო, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. პრეზიდენტის კრიტიკის მიზეზი სიტუაციის სუსტი ანალიზი გახდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.
თითქმის ნახევარსაათიან გამოსვლაში ზურაბიშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, საქართველოს პარტნიორებისგან იზოლაციის საფრთხეზე. ამის მიზეზად პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედებები დაასახელა.
„ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სუსტი ანალიზის მეორე მიზეზად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დაასახელა პრეზიდენტის ანალიტიკოსების არასაკმარისი კვალიფიკაცია.
„მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული და ა.შ. სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა, ეს არის ღიმილის მომგვრელი“, - განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლების შეცდომებს შორის სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა 2021 წლის გაზაფხულზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ოპოზიციასთან გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლა, მოსამართლეების დაჩქარებული წესით დანიშვნა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის უდროოდ პატიმრობის შეფარდება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მომხრეებს თბილისის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა >>
მან ასევე დაადანაშაულა ხელისუფლება იმაში, რომ მათ არ განახორციელეს მაღალი დონის ვიზიტები ევროპის ქვეყნებში მათ ლიდერებთან სამუშაოდ. გარდა ამისა, არ ჩატარებულა სათანადო სამუშაო ევროპარლამენტის პარტიებთან, რასაც მოყვა კიდეც საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღება.
პრეზიდენტმა დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ ლიდერები იმაშიც, რომ თავიანთი რიტორიკით მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპარლამენტარებს და ევროპარლამენტის ყველაზე ძლიერ პარტიას და თავს უფლება მისცეს დაუშვებელი გამონათქვამები გამოეყენებინათ მეგობრული უკრაინის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0