საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დანიაში შეხვედრებს იწყებს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სკანდინავიურ ქვეყნებში მაღალი რანგის ვიზიტებს განაგრძობს.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის დედოფალ მარგრეტე მეორესთან შეხვედრას დღეს გამართავს, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
დანიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰენრიკ დამ კრისტენსენთან (Henrik Dam Kristensen).
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
მანამდე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს ესტუმრა, სადაც მას ნორვეგიის მეფემ, მისმა აღმატებულება ჰარალდ მეხუთემ უმასპინძლა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარესთან მასუდ გარახანისთან (Masud Gharahkhani), სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰენრიკ თუნთან (Henrik Thune).
დანიის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფინეთს ეწვევა. ფინეთში ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მატი ვანჰანენთან (Matti Vanhanen) და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტს შვედეთში დაასრულებს. ის შეხვდება შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულტკვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან რობერტ რაიდბერგთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო.
სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის წევრების ვიზიტი, რომელიც 12 ივნისს დაიწყო, 18 ივნისს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0