შატილში თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

© courtesy of Pshav-Khevsureti National Parkფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ინვესტიციამ 4 მლნ ლარი შეადგინა.
ახლადგახსნილ ცენტრში ვიზიტორები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ კულტურული მემკვიდრეობის, ყველა მათთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტის და იმ ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც ახასიათებს ამ კუთხეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა ფრენკ მორშელმა შატილში ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„გერმანიის მთავრობასთან წლებია ვთანამშრომლობთ და მათი მხარდაჭერით უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და ამავდროულად იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩვენს ბუნებას გააჩნია ეკოტურისტული თვალსაზრისით, რათა მოვიზიდოთ მეტი ტურისტი”, – განაცხადა შამუგიამ.

როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა ​ჰუბერტ კნირშმა აღნიშნა, შატილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი ამიერიდან კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდება.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART-პატრულირება დაწესდება>>>
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი შუასაუკუნოვანი კოშკებითა და უნიკალური ლანდშაფტებით თანაბრად იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. დაცული ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, როგორიცაა: სუბ-ალპური ტყეები, ალპური მდელოები, კლდოვანი მთები, შთამბეჭდავი ხეობები და ტბები. იგი ასევე შუა საუკუნეების დროინდელი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე. მისი საერთო ფართობი 75,8 ათასი ჰექტარია.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მოიცავს მდინარეების ასას, არღუნის, ანდაქისწყლის და ფშავის არაგვის ხეობებს. ეროვნული პარკი გამორჩეულია მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებით და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა) და შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0