საქართველო საუდის არაბეთიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას აპირებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშარდენის ქუჩა
შარდენის ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
მინისტრის მოადგილის თქმით, საუდის არაბეთში წელს საქართველო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქართულმა დელეგაციამ საუდის არაბეთში ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა და კომპანიებს ქართული ტურისტული პროდუქტები შესთავაზა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ სეზონზე მეტ ტურისტს ელოდება. საქართველოს შავი ზღვის კურორტების და მთლიანად ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით ქართული მხარე მართავს შეხვედრებს ახლო აღმოსავლეთის წამყვან ტურისტულ სააგენტოებთან, მასმედიასთან, სარეკლამო კომპანიებთან, ავიაკომპანიებთან.

„საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. გვქონდა ძალიან წარმატებული ღონისძიება, რაც ემსახურებოდა ცნობადობის გაზრდას და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მეტი მოგზაურის მოზიდვას საუდის არაბეთიდან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთში წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და უმსხვილესი ავიაკომპანიების Flynas-ის, Flydeal-ისა და Saudia Airlaine-ის ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება, რომლის მიზანიც საქართველოში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა იყო, ქალაქ ჯედაში გაიმართა და მას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.
„მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება გამორჩეულად მაღალი მოთხოვნის სეზონი და ჩვენ ვიხილავთ ძალიან ბევრ მხარჯველუნარიან ტურისტს საუდის არაბეთიდან საქართველოში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის >>
ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ წელს საუდის არაბეთში საქართველო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რადგან საქართველო არის უსაფრთხო მიმართულება, აქვს ოთხი სეზონი, მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები.

„პრეზენტაციის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ შევიტყვე. ამ ქვეყნის შესახებ მანამდეც მქონდა ზოგადი წარმოდგენა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას. საქართველო ძალიან უსაფრთხო და ლამაზი ქვეყანა და ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულებაა“, – განაცხადა ავიაკომპანია Saudia Airlines-ის სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერმა ხალიდ ალ-ამარმა.

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი.
ყველა ახალი ამბავი
0