საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის

© photo: Sputnik / Stringerსამგზავრო თვითმფრინავი
სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ავიაკომპანია Flyadeal პირდაპირ რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შეასრულებს.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის, რომელიც ივნისიდან ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში – თბილისსა და ბათუმში დაიწყებს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა.
პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან – ჯედადან, ერ-რიადიდან და ედ-დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები ჯედადან და ერ-რიადიდან შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით, ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირ რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შეასრულებს.
ერ-რიადი–თბილისი–ერ-რიადი – კვირაში 4 სიხშირე
ედ-დამამი–თბილისი–ედ-დამამი – კვირაში 3 სიხშირე
ჯედა–თბილისი–ჯედა – კვირაში 2 სიხშირე
ჯედა–ბათუმი–ჯედა – კვირაში 3 სიხშირე
ერ-რიადი–ბათუმი–ერ-რიადი – კვირაში 3 სიხშირე

„ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მოხარულნი ვართ, რომ ივნისის ბოლოდან საქართველოს საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელია ავიაკომპანია Saudia. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო, შემდეგ კი ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა. Flyadeal 50 Airbus A320neo-ს და Boeing 737 MAX-ს ფლობს.
ტურიზმის სფერო კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, 2022 წელს მთავრობა ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას გეგმავდა. იანვარი–აპრილის მონაცემებით, ტურიზმი უკვე დაახლოებით 69%-ით არის აღდგენილი და ტურიზმიდან ქვეყანამ უკვე მიიღო დაახლოებით 582 მლნ დოლარის შემოსავალი.
ყველა ახალი ამბავი
0