სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში: რას ედავება მთავრობა პრეზიდენტს

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
უფლებადამცველებმა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკა პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად უკვე შეაფასეს.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მარტის შუა რიცხვებში საქართველოს პრეზიდენტი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თავისი შეუთანხმებელი ვიზიტებით უცხოეთში და ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებებით.

„აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ისე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. ეს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.
„საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, გენპროკურორის, მთავრობის და სხვა სახელმწიფო ორგანოთა ქმედებების/უმოქმედობის გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს, 14 აპრილს დაამტკიცა.
პრემიერმა პრეზიდენტის „თვითშემოქმედება“ დაგმო>>>
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მიერ მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოეთში ვიზიტების ირგვლივ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით ვარაუდი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.
რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება გადაწყვიტა, რაზეც მთავრობისგან უარი მიიღო. როგორც მაშინ ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობის უარის გამო მას მოუწია არაფორმალური, პირადი შეხვედრების გამართვა ევროპაში.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
უფლებადამცველებმა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკა პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად უკვე შეაფასეს.
ყველა ახალი ამბავი
0