ანემიის შვიდი შეფარული ნიშანი: მიაქციეთ ყურადღება დროულად

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ანალიზის ჩაბარება
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
ანემია არის დაავადება, რომელიც ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება მანამ, სანამ მძიმე ფორმას არ შეიძენს.
ანემია გვხვდება ადამიანებში, რომელთა სისხლშიც საკმარისი რაოდენობის ერითროციტები (ანუ წითელი უჯრედები) არ წარმოიქმნება. ერითროციტების ფუნქცია ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის გადატანა და ნახშიროჟანგის უკუმიმართულებით გამოყვანაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მდგომარეობა, რა დროსაც ორგანიზმს არ აქვს საკმარისი რაოდენობის სისხლის ჯანსაღი წითელი უჯრედები ჟანგბადის გადასატანად.
ექიმების თქმით, ანემია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ზოგი ადამიანის ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებაში პრობლემები გენეტიკური და მემკვიდრეობითია; ზოგში კი დაავადება იმის გამო იჩენს თავს, რომ საკმარის რკინას ან ვიტამინ B12-ს არ იღებენ.
არ გამოტოვოთ: ანემია მსოფლიოში ორ მილიარდ ადამიანს აქვს
სწორედ რკინა და ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავასთან ერთად, არის ის ორი ელემენტი, რომლებიც აუცილებელია ერითროციტების წარმოებისთვის.

ვის ემუქრება ანემია

როგორც მედიკოსები ამბობენ, მოზრდილებში ანემიის განვითარების რისკი ძირითადად აქვთ:
ვეგეტარიანელებს,
ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის დაკარგვა ფიზიოლოგიური მიზეზების გამო (მტკივნეული ციკლი ქალებში),
ისეთი დაავადებების მქონეებს, როგორებიცაა შიდა სისხლდენა და ბუასილი,
სისხლისა და პლაზმის დონორებს,
ორსულ და მეძუძურ ქალებს,
ქრონიკული დაავადებების მქონეებს,
მათ, ვინც არასრულფასოვნად იკვებება.

ანემიის შეფარული ნიშნები

ანემიას არაერთი სიმპტომი აქვს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მუდმივი დაღლილობა და მოდუნებული მდგომარეობა ჩვეულებრივი საქმიანობის დროს.
ქვემოთ ანემიის შვიდ ნიშანს გაგაცნობთ, რომლებსაც, ექიმების თქმით, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
არ გამოტოვოთ: რა დაავადებებზე მეტყველებს ცივი ხელები: ექიმი მიზეზებს ასახელებს
ქოშინი და თავბრუსხვევა — რკინის ან ვიტამინ B12-ის დეფიციტის დროს ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ჰემოგლობინს — ცილას, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) სწორი ფუნქციონირებისთვის. როდესაც ორგანიზმს ჰემოგლობინის საწარმოებლად ეს ორი ელემენტი არ ჰყოფნის, ის ვერ იღებს ჟანგბადის საჭირო რაოდენობას და ადამიანს ქოშინი და თავბრუსხვევა ეწყება.
მუდმივი დაღლილობა — ანემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სიმპტომია გამოფიტვის შეგრძნება. ეს უპირატესი სიმპტომია, რომლის ამოცნობაც საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ დაღლილობას: თუ ზოგი განსაკუთრებული ძალისხმევის გაღების გარეშეც დაღლილად გრძნობს თავს, ზოგს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა ღლის.
ამ მდგომარეობასაც, წინა სიმპტომების მსგავსად, რკინის ან ვიტამინი B12-ის დეფიციტით განპირობებული ჟანგბადის უკმარისობა იწვევს.
ფერმკრთალობა — როდესაც სისხლს ორგანოების ჟანგბადით მოსამარაგებლად ერითროციტები არ ჰყოფნის, კანი მაშინვე გრძნობს შედეგს. რკინის ან ვიტამინ B12-ის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კანში სისხლის მიმოქცევაზე და გახადოს იგი უფრო ფერმკრთალი და მქრქალიც კი.
ტკივილი მკერდის არეში — როდესაც სისხლში ერითროციტების რაოდენობა მცირდება, გულს მეტი მუშაობა უწევს ორგანიზმის სისხლით მოსამარაგებლად. შესაბამისად, გული ჩვეულებრივზე სწრაფად სცემს და გულ-მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება ჩნდება.
არ უგულებელყოთ ასეთი ტკივილი, მით უმეტეს, თუ გულის სხვა პრობლემებიც გაქვთ, და აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. გულის გაძლიერებულმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს არითმია და შუილი, გულის კუნთის გადიდება და გულის უკმარისობაც კი.
უცნაური კვებითი ჩვევები — ანემიის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სიმპტომია პიკაციზმი, ანუ საკვებად გამოუსადეგარი ან ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების ჭამა. მაგალითად: ცარცის, ბალახის, მიწის, ტანისამოსის ძაფების, ფანქრებისა თუ გამხმარი საღებავისა. ამგვარი ქცევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს რკინადეფიციტური ანემიის ძალიან გავრცელებული სიმპტომია.
ცივი ხელ-ფეხები — თუ შეამჩნევთ, რომ კიდურები იმაზე მეტად გიცივდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ გაქვთ ხოლმე, ეს შეიძლება რკინის დეფიციტის ან ანემიის ნიშანი იყოს. მიზეზი — ორგანიზმში ჯანსაღი ერითროციტების ნაკლებობა.
რკინა სისხლის უჯრედებს დანარჩენი უჯრედების სითბოთი და საკვები ნივთიერებებით მომარაგებაში ეხმარება. ამიტომ თუ ადამიანს რკინის დეფიციტი აქვს, აუცილებლად შენიშნავს ისეთ სიმპტომს, როგორიცაა ხელ-ფეხის სიცივე.
თავის ხშირი ტკივილი — სტრესის, ძილის ნაკლებობის, ავადმყოფობისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო პერიოდული თავის ტკივილი ნორმალურია. თუმცა, თუ თავის ტკივილი ჩვეულებრივზე ხშირად გაწუხებთ (თუნდაც მსუბუქი), კარგი იქნება, თუ რკინის დონეს შეიმოწმებთ.
ყველა ახალი ამბავი
0