როდის დაიწყება მუშაობა იორდანიაში ქართული კულტურის მუზეუმის პროექტზე?

© Сourtesy of Georgian Governmentღარიბაშვილი იორდანიაში იმ ადგილზე, სადაც მუზეუმი უნდა აშენდეს
ღარიბაშვილი იორდანიაში იმ ადგილზე, სადაც მუზეუმი უნდა აშენდეს - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
მთავრობა იორდანიაში მუზეუმის მშენებლობის დაწყებას მიმდინარე წლის ბოლოს გეგმავს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ კვირაში აპირებს იორდანიაში ქართული კულტურის მომავალი მუზეუმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავებისთვის შექმნილი კომისიის პირველი სხდომის მოწვევას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის წინ განაცხადა.
საქართველოს მდინარე იორდანესთან 4.000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადმოეცა. უახლოეს მომავალში დაიწყება აქტიური მუშაობა ამ ნაკვეთზე კულტურის ცენტრის შექმნის კონცეფციაზე. პროექტის შემუშავებაში ჩაერთვებიან საქართველოს საპატრიარქო, ეროვნული მუზეუმი და კულტურის სამინისტრო.

„კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც ჩართული იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, რომ ამ კვირაში უკვე შევიკრიბოთ, პირველი შეხვედრა გავმართოთ. დავიწყოთ აქტიური მუშაობა ქართული კულტურის ცენტრის ზოგად კონცეფციაზე, პროექტირებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება მუშაობა და სამშენებლო სამუშაოები.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობა პერიოდულად იქნება ინფორმირებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიაში მაისის მიწურულს გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილთან მდებარე მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის შესახებ ცნობილი გახდა 19 იანვარს, ნათლისღების დღეს.
ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდულა II-ს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლიერების ნიშნად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე დაბრუნება არის „დიდი ისტორიული მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას“.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0