როდის ჩატარდება მოსახლეობის აღწერა საქართველოში: მთავრობამ ვადები დაასახელა

© photo: Sputnikკოტე აფხაზის ქუჩა.
კოტე აფხაზის ქუჩა.  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. აღწერის შედეგად შეგროვდება ინფორმაცია საოჯახო მეურნეობების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის მორიგი საყოველთაო აღწერა 2024 წელს ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისის შესახებ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს, მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოში მოსახლეობის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა. 2002 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ცხოვრობდა 4.371.500 ადამიანი.
მეორე და ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.729.635 ადამიანს შეადგენდა.
წყარო - მთავრობის პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0