ჰოლანდიაში მცხოვრები მხატვარი და პორტრეტები, სადაც ყველა ქალს დედის თვალები აქვს

© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძე
მაია სირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ხატვა ზეთის საღებავებით დაიწყო, მერე აკრილის, აეროზოლის საღებავებით საკუთარი შერეული ტექნიკა შეიმუშავა, რითაც ხელოვნების დამფასებლების უფრო მეტი ყურადღება მიიქცია.
მხატვარი მაია სირაძე წლებია ცხოვრობს ჰოლანდიაში, სადაც ბევრჯერ ჰქონდა როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა. თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის აუქციონებსა და გალერეებთან, რომლებიც მისი ნახატების შეძენის სურვილსაც გამოთქვამენ.
- ქალბატონო მაია, როგორ იქმნება თქვენი ნახატები?
- შემოქმედებითი პროცესი ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია, რადგან ხანდახან ხელები გონებისგან დამოუკიდებლად ქმნის ნახატს და საბოლოო ჯამში ტილოზე სულ სხვა რამ წარმოისახება ხოლმე. შედეგით თავადაც გაოცებული ვრჩები. ხასიათის მხატვარი ვარ, ხშირად ნახატი ჩემს განწყობას ჰგავს, მაგრამ დროის მოთხოვნილებები და კომერციული მხარეც არ უნდა დავივიწყო, ასევე დამკვეთის თუ მომხმარებლის გემოვნებაც გასათვალისწინებელია.
© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძე
მაია სირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
მაია სირაძე
- როდის დაიწყო თქვენი ცხოვრების ჰოლანდიური პერიოდი?
- 2001 წელს მე, დედამ და ჩემმა ძმამ ემიგრაცია გადავწყვიტეთ და ჰოლანდიაში ჩამოვედით. თავიდანვე ვიტყვი, ჰოლანდიაში რომ არ მეცხოვრა, ალბათ ჩემი შემოქმედება სხვანაირად განვითარდებოდა. მალე დედას და ძმას საქართველოში დაბრუნება მოუწიათ, მე კი აქ დავრჩი. ყველაზე რთულად შესაგუებელი ჩემთვის დედასთან განშორება იყო. ის მომენტი, რომ ყველაზე საყვარელ ადამიანთან თითქმის 4000 კილომეტრი გაშორებს და როცა დასჭირდები, ნახევარ საათში ვერ გაჩნდები მასთან, ძალიან ძნელია.
© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
მაია სირაძის შემოქმედება
- სიყვარული ჰოლანდიაში გეწვიათ?
- დიახ, ჰანსი ჰოლანდიაში გავიცანი და შემიყვარდა, მერე ცოლად გავყევი და ოჯახი შევქმენით. ის ჰოლანდიელია და მის გამო სულ სხვა გარემოში ცხოვრება მომიწია. მეყოლა გოგონა, ანასტასია. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან, ერთი მხრივ, შეყვარებული ვიყავი და მინდოდა ჰოლანდიაში დარჩენა, მაგრამ, მეორე მხრივ, სიგიჟემდე მიყვარდა დედა და მასთან განშორება მიჭირდა.
© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
მაია სირაძის შემოქმედება
- გაიხსენეთ როგორი ბავშვობა გქონდათ?
- მე და ჩემს ძმას ერთფეროვანი ბავშვობა არ გვქონდა. შეიძლება ითქვას, მოგზაურობის სიყვარული გენეტიკურ კოდში მაქვს. მამის სამსახურის გამო ხშირად ვმოგზაურობდით: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ჩერკასი (უკრაინა)... მამა ბროლზე ხატვის ინჟინერი იყო და სხვადასხვა ქარხნებში ხშირად იწვევდნენ. როცა ბათუმში ვცხოვრობდით, ჩვენი სახლი ტბას გადაჰყურებდა. სახლიდან 20 მეტრის დაშორებით პატარა ზოოპარკი იყო – ჩემთვის თავგადასავლების ცენტრი.
© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
მაია სირაძის შემოქმედება
- მხატვრობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?
- ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი, თუმცა მაშინ არც მიფიქრია, რომ მხატვრობას პროფესიად ავირჩევდი. დედამ გადაწყვიტა, რომ მერვე კლასიდან გამოვეყვანე და სწავლა თოიძის ტექნიკურ სასწავლებელში გამეგრძელებინა, მეც დავთანხმდი. როცა თოიძე წითელი დიპლომით დავამთავრე, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის მოდელირებაზე ჩავაბარე.
- აკადემიაში სწავლის დრო როგორ გახსენდებათ?
- აკადემიის წლები ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად ომიანობის, უშუქობის, გაყინული ხელებით ხატვისა, მაინც ბედნიერები და ხალისიანები ვიყავით. საუკეთესო მეგობრებიც მაშინ შევიძინე. მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, რომლებმაც საჭირო ცოდნა გადმოგვცეს.
© photo: courtesy of Maia Siradzeმაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
მაია სირაძის შემოქმედება
- ჰოლანდიამ თქვენი ხატვის მანერაზე თუ იქონია გავლენა?
- ჩემთვის ხატვა მართლაც საკუთარი არსებისა და განწყობის გამოხატვის ფორმაა. ალბათ ჰოლანდიაში რომ არ მეცხოვრა, ჩემი შემოქმედება სხვანაირად განვითარდებოდა. აქ ჩემი სტილი და ხედვა რადიკალურად შეიცვალა და ვიგრძენი, რომ სულ სხვა ტილოებს ვქმნიდი.
- დღეს ამ ქვეყანაში წარმატებული ხართ, არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?
- ჰოლანდიაში ყოფნის დროს დედას თავში სიმსივნე დაუდგინეს. იმედი მქონდა, რომ გადავარჩენდი, მაგრამ ვერ შევძელი და დავკარგე. დღემდე ვნანობ იმ წუთებს, დღეებს, წლებს, როდესაც დედაჩემის გვერდით არ ვიყავი.
- შემოქმედებაზე თუ აისახა ეს?
- ეს დიდი დანაკარგი, რა თქმა უნდა, მაშინ ჩემს შემოქმედებაზეც აისახა, ნახატებში ფერები შეიცვალა. ჩემ დახატულ ქალის ყველა პორტრეტზე მეგობრები მეუბნებოდნენ, დედაშენს ჰგავსო. ასე განზრახ არ ვხატავდი, მაგრამ ალბათ ჩემი შინაგანი ემოცია ტილოზე თავისთავად გადადიოდა. მხატვრობა ჩემი უდიდესი მეგობარია და ყველა გაჭირვების წამალი. როცა ვხატავ, ამ დროს ყველა დარდი მავიწყდება. ხელოვნებისადმი სიყვარულს არანაირ ფულზე არ გავცვლი. ასე მგონია, წინა ცხოვრებაშიც მხატვარი ვიყავი...
ნინი მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0