მიღწეული პროგრესი სახეზეა: აშშ-ის საელჩო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2,3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მხარდაჭერით საქართველო აგრძელებს C და B ჰეპატიტების აღმოფხვრაზე მუშაობას, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020-2021 წლების მიმდინარე ანგარიში ცხადყოფს ამ კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესს.

„საქართველოში ამ დროისათვის C ჰეპატიტის სკრინინგი 2,3 მილიონ ადამიანს აქვს ჩატარებული. აქედან 96 ათასზე მეტს ქრონიკული ინფექცია აღმოაჩნდა, 78 ათასმა პირმა კი მკურნალობის კურსი ჩაიტარა. პაციენტების 98%-ზე მეტი დაავადებისგან განიკურნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება და პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს მოიცავს. პირველი ეტაპი კრიტიკული მდგომარეობის მქონე 5.000 პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპზე კი C ჰეპატიტის მქონე ნაკლები სიმძიმის პაციენტები ჩაერთვნენ.
C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%>>>
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამაში ჩართულ პირებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდით“ მკურნალობდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" (Gilead Sciences) ხელშეწყობით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0