უკრაინის განათლების მინისტრი: დიდი მადლობა საქართველოს ჩვენი ბავშვების მხარდაჭერისთვის

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიმოსწავლეები გაკვეთილზე
მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
გამოწერა
18 მაისისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე.
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. უკრაინის განათლების მინისტრმა სერგეი შკარლეტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, 24 თებერვლიდან საქართველოში უკრაინის თითქმის 20 ათასი მოქალაქე, მათ შორის 5,5 ათასი არასრულწლოვანი შემოვიდა. 18 მაისისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში ჩარიცხულია სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე.
სერგეი შკარლეტის განცხადებით, ასზე მეტმა ქვეყანამ გამოყო საგანმანათლებლო სივრცე და გახსნა კლასები უკრაინელი ბავშვებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელისთვის.

„ეს არის დიდი და ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პერიოდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელისთვის. უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია, რათა ეს საგანმანათლებლო პროცესი არ შეჩერდეს. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ამ მხრივ ასეთი ძლიერი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
ბათუმის სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა >>
მაგრამ აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და მათ გამარტივებული წესით შეუძლიათ საქართველოში სწავლის გაგრძელება.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.
ყველა ახალი ამბავი
0