რას გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა: ეკონომიკის სამინისტროს გეგმები

© Government of Georgiaენერგეტიკა. ქვესადგური "მარნეული-500"
ენერგეტიკა. ქვესადგური მარნეული-500 - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
გამოწერა
საათობრივ ბალანსზე და, შესაბამისად, საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლა არის რეფორმა, რომელიც სიფრთხილეს მოითხოვს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ენერგეტიკის ინდუსტრიაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმა გულისხმობს ბაზრის სრულიად ახალი მოდელის შექმნას როგორც საცალო, ისე საბითუმო დონეზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
„ამ რეფორმის შედეგად, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ელექტრონერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარება, ბაზრის ეტაპობრივი გახსნის გზით“, - აღნიშნა მიქაუტაძემ სამინისტროში გამართულ თათბირზე.
მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც გენერაციის ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს.
მისი განცხადებით, რეფორმა ითვალისწინებს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობების განცალკევებას და ბაზრის ფუნქციონირებაზე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან მონიტორინგის სისტემის დანერგვას.
მისი თქმით, რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი საათობრივი ელექტროენერგიით ვაჭრობა გახდება.
ენერგეტიკის სიახლეები: ახალი თესები და ჰესები >>
„საათობრივ დაბალანსებაზე, და შესაბამისად საათობრივ ვაჭრობაზე, გადასვლა არის სიფრთხილით განსახორციელებელი რეფორმა. მნიშვნელოვანია, ამ ბაზრის მიმართ არსებული პოზიტიური მოლოდინები შეესაბამებოდეს რეალობას. ამისათვის კი აუცილებელია, სრულ მზადყოფნაში იყოს ბაზრის ყველა სუბიექტი,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ენერგეტიკული ბაზრის პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.
რამდენს დახარჯავს საქართველო მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე? >>
საქართველოში 2022 წლის 1 სექტემბერს ახალი ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0