პრეზიდენტი: „ოცნების" ინსტრუქციებს არ ვიღებ"

© photo : press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელი უნდა იყოს.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ იღებს მითითებებს მმართველი პარტია „ქართული ოცნებისგან" და არაა ვალდებული, მას პოლიტიკური შეხედულებები გაუზიაროს.
ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყარა როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა. თუმცა გამარჯვებაში მას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაეხმარა, რომელმაც ზურაბიშვილს მხარდაჭერა ოფიციალურად გამოუცხადა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ „ოცნების" მხარდაჭერით ვიყავი არჩეული. პირველივე დღიდან ნათელი იყო, თუმცა ზოგ-ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი, ზეპარტიული, არ ვარ არცერთი პარტიის ხელში, არც მის ინსტრუქციებს ვიღებ და არც მაინცდამაინც ვარ ვალდებული შეფასებები და პოლიტიკური ხედვა მქონდეს მათთან გაზიარებული", – განაცხადა ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.

კარგია, თუ ქვეყანაში მრავალფეროვნებაა, აღნიშნა მან.
„პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს სხვადასხვა საკითხზე და ყველა ამას უნდა შეეგუოს... არ ვპასუხობ არცერთ კრიტიკას თუ შეურაცხყოფას, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ეს მქონდა ოპოზიციასთან და ეს მაქვს „ოცნებასთან", – აღნიშნა მან.
თუ არის უთანხმოება, შეცდომები და არათანმიმდევრული ნაბიჯები, პრეზიდენტის აზრით, „უნდა დავუბრუნდეთ ამ ნაბიჯებს და ყველამ ერთად ვიმუშაოთ".
„შეიძლება იყოს პირადი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არ უნდა გადაიქცეს თავისთავად, როგორც პოლიტიკური პრობლემა. ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს – ჩვენ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და ამისთვის მაქსიმალური ერთიანობაა საჭირო", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სკანდალი პრეზიდენტთან დაკავშირებით
მარტის შუა რიცხვებში საქართველოს პრეზიდენტი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თავისი შეუთანხმებელი ვიზიტებით უცხოეთში და ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებებით. უფლებადამცველებმა ეს პრეზიდენტზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად შეაფასეს.
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ასევე განაცხადეს, რომ აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების მოთხოვნას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სკანდალის შესახებ კომენტარისას ვარაუდი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
სხვანაირად შეიძლებოდა: საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიით უკმაყოფილოა
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა ვიზიტი მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.
პრემიერმა ასევე დასძინა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და ახორციელებს მთავრობა.
საქართველოს პრეზიდენტმა 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.
ყველა ახალი ამბავი
0