ძიუდო: ექვსი მედლის შანსი დღეს - თბილისის გრანდ სლემზე ქართველები წარმატებით ასპარეზობენ

© Sputnik / STRINGERვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრებიდან 8 კაცი და 6 ქალი ძიუდოისტი გავიდა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამზე 14 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, აქედან 6 მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდებიან.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ნახევარფინალში გიორგი სარდალაშვილთან დამარცხდა. რაც შეეხება ირაკლი კუპატაძეს, მან მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგო და ასპარეზობას მეორე წრიდან გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებს ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა 66 კგ წონაშიც, სადაც ნახევარფინალამდე დაუმარცხებლად მივიდნენ ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი თუთაშვილი, რომლებიც ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს შეხვდნენ.
ვაჟა მარგველაშვილმა ორთაბრძოლა ბოლო წამებზე დათმო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას თუთაშვილი განაგრძობს. ამავე წონაში პირველივე წრეში დამარცხდა საბა კაპანაძე, ხოლო მეორე წრეში გამოვარდა ლაშა ნადირაძე.
ქალთა 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ასპარეზობას ნატალია ყიფშიძე, მარი მახარიშვილი და მარიამ ლაფაჩიშვილი.
ქალთა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეორე წრიდან დაიწყო ჭიდაობა თბილისის შარშანდელი გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც ძიუდოს უკრაინელ ვარსკვლავს მარია ბილოდიდს ხანგრძლივ, 14-წუთიან ბრძოლაში გაფრთხილებებით აჯობა. ლიპარტელიანმა მესამე წრეში ყაზახი სევარა ნიშანბაევა იპონით დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში სამხრეთკორეელ მიმი ჰუჰთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
ქართველი ძიუდოისტები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
ძიუდო: ცნობილი გახდა თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ამავე წონაში პირველ წრეში დამარცხდა გვანცა მჭედლიშვილი, ხოლო მეორე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა ნინო წიკლაურმა.
გრანდ სლემის ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
თბილისის 2022 წლის გრანდ სლემი დღეს დაიწყო და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს თბილისურმა ტურნირმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი გამოსვლა 9 მედლითა (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და გუნდური პირველობით დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0