დადგინდა ვარჯიშის სწორი დრო - ქალებისა და მამაკაცებისთვის ის განსხვავებულია

© Pexels / Anastasia Shuraevaვარჯიში სპორტდარბაზში
ვარჯიში სპორტდარბაზში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ფიზიკური ვარჯიში დიდად უწყობს ხელს სიცოცხლის გახანგრძლივებას, რადგან ამცირებს რიგი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, და ასევე სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. თუმცა დღის რომელი მონაკვეთია ვარჯიშისთვის ოპტიმალური, აქამდე არც ისე ნათელი იყო, წერს გამოცემა Daily Express.
ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ სიცხადეს გვთავაზობს ერთი-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Physiology.
კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიშის ოპტიმალური დრო სქესზეა დამოკიდებული. ანუ ქალებმა და მამაკაცებმა დღის სხვადასხვა მონაკვეთში უნდა ივარჯიშონ, თუ მათი მიზანი ცხიმების დაწვაა და არა უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
მეცნიერების თქმით, ამაში დიდ როლს ასრულებს სქესებს შორის ისეთი განსხვავებები, როგორებიცაა: ჰორმონალური ფონი, ბიოლოგიური საათი და ძილ-ღვიძილის ციკლები.
ვარჯიში - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
აუარესებს შედეგებს: ოთხი რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ იკრძალება
კვლევაში 25-დან 55 წლამდე ასაკის 30 მამაკაცი და 26 ქალი მონაწილეობდა, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას მისდევდნენ. მეცნიერები მათ 12 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
საცდელი პირები ორ ჯგუფად გაანაწილეს და სავარჯიშოდ სხვადასხვა დრო გამოუყვეს: ერთი ჯგუფი დილის შვიდის ნახევრიდან რვის ნახევრამდე ვარჯიშობდა, მეორე კი საღამოს — ასევე ერთი საათით, 18:00-დან 20:00 საათამდე შუალედში. ამათან ყველა მონაწილე იცავდა სპეციალურად შემუშავებულ დიეტას.
გარდა იმისა, რომ ექსპერიმენტის თითოეულ მონაწილეს მთელი კვლევის განმავლობაში უმოწმებდნენ არტერიულ წნევასა და სხეულის ცხიმოვან მასას, კვლევის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ ასევე შეუმოწმეს მოქნილობა, ძალა და აერობული გამძლეობა.
აღმოჩნდა, რომ 12 კვირაში კვლევის ყველა მონაწილეს გაუუმჯობესდა ზოგადი ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა — მიუხედავად იმისა, თუ რა დროს ვარჯიშობდა. ანუ ჯანმრთელობისთვის ვარჯიშის დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს — საამისოდ მხოლოდ თავისუფალი საათების გამონახვაა საჭირო.
რაც შეეხება წონის დასაკლებად ვარჯიშს, გაირკვა, რომ ქალებისა და მამაკაცებისთვის ვარჯიშის იდეალური დრო რადიკალურად განსხვავებულია:
ქალებმა, რომლებსაც წელის არეში ცხიმის შემცირება და არტერიული წნევის დაქვეითება სურთ, დილით უნდა ივარჯიშონ.
ხოლო ქალებმა, რომლებსაც სხეულის ზედა კუნთების გაძლიერება და ასევე ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება აქვთ მიზნად, საღამოობით უნდა მისდიონ სპორტს.
მამაკაცებმა, რომლებსაც უბრალოდ კუნთების გაძლიერება უნდათ, შეუძლიათ ივარჯიშონ როგორც დილაობით, ისე საღამოს.
იმ მამაკაცებმა კი, რომლებსაც გულის ჯანმრთელობის განმტკიცება, ნივთიერებათა ცვლისა და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ, საღამოობით უნდა ივარჯიშონ.
მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არ არის, რატომაა ასე განსხვავებული მამაკაცებისა და ქალების რეაქციები ვარჯიშის დროზე. მკვლევარების თქმით, ამის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0